Saturday, February 25, 2006
რიყის ქვები საფლავზე
დებილური სიზმარი იყო. რაკეტები დავინახე და მივხვდი, რომ ომი იწყებოდა. დათოს წავავლე ხელი და ვუთხარი: თუ წახვალ, იცოდე, მეც წამოვალ–მეთქი. ძველი შიში გამახსენდა და აფხაზურასავით რაღაც ქონის ბადე შემომეტმასნა თითქოს ზედ. სასაფლაოზე ვიყავით, თანაც აფხაზების სასაფლაო იყო. როგორ მოვხვდით იქ მანქანით, ვერ ვხვდებოდი. გამოსასვლელი თითქოს არსად იყო. დათო ჩავიდა მანქანიდან და გზას მანიშნებდა საით წავსულიყავი. გამოსვლისას მაინც წავარტყი რაღაცას. დიდხანს იტორტმანა, სანამ წაიქცეოდა – უზარმაზარი კალათა იყო რიყის თეთრი ქვებით სავსე. წაიქცა და ძალიან ნელა გადმოიშალა თეთრი ქვები ახლად მიწამიყრილ საფლავზე. გამოვედით.
სხვადასხვანაირი სისხლი
მიშა ავიკვიატე იმ დღეს. დაწერილი პოსტი წავშალე. არაფრიდან მოსული ასოციაცია იყო – "ზატოიჩს" ვუყურებდი. შხრმ... და ლამაზად იხაზებოდა ეკრანი სისხლის წვეთებით. და ამ სისხლის წვეთებმა გამახსენა მიშა? ფეხსაცმელში ჩაგუბებული სისხლი მახსენდებოდა. თავის დროზევე რატომ ამოვიჩემე, არ ვიცი. გამოტირებით, მაშინვე გამოვიტირე და მერე გავქვავდი. თითქოს მაგრად ვიყავი და უცბად, კბილის ტკივილივით გამკრავდა ხოლმე გახდისას ფეხსაცმლიდან რომ გადმოეღვარა სისხლი და მომაწვებოდა ხოლმე ყელში ბურთი. ყოველ შემთხვევაში, იმ დღეს, ვერანაირად ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან ფილმი და მიშა და მივხვდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. იმიტომც წავშალე პოსტი. მოხდა კიდევაც. ეხლა გასაგებია რატომაც.
Tuesday, February 21, 2006
მკვდარი ჩე
ვაჰ. არ მიმჭიპეს ფორუმზე ამ ჩე გევარასათვის? კაპიტან აქილეს რიკარდოს მოკვლის სცენა გამახსენდა ეხლა მარკესიდან. ტყვიებით დამძიმებული სხეული, რომელიც დამბალი პურივით იშლებოდა და რამდენიმე ჯარისკაცმა ძლივს შედო ფურგონზე. რატომ სიამოვნებთ ადამიანებს გვამის ყურება? მით უმეტეს ნაწამები სხეულის? ხრენ ევო ზნაეტ. რათ უნდოდათ მკვდარი ჩეს სურათების დადება ფორუმზე?
არ ვიცი, არ ვიცი...
ხარას ნამღერ ლინკს აქაც დავაგდებ. ხო ვიცი, მივკარგავ სადმე...
Monday, February 20, 2006
ღამე "უცხო" ქალაქში
ნუუუ.... გეგმები მაქვს, იტირებს კაცი. მარტსა და მაისს შორის უნდა გავანაწილო აჭარის სოფლები, დილიჟანი და საფრანგეთი. ტირილს მერეც მოვასწრებ (იმდენი მექნება სამუშაო). აი, ირმამ კი კარგი იდეა წამოაყენა – ბოლო 10 დღე მარტო მე და შენ დავრჩეთ პარიზშიო. თუ შერგებაა, შერგება იყოს. არც შეხვედრებზე რო არ გეჩქარება, არც მატარებელზე გაგვიანდება და არც თვითმფრინავზე... არც დილით წამოსახტომ– გასაქცევი ხარ სადმე და ღამეც შენია... მრრრრ... ერთი ღამე თბილ ქვაფენილზე ფეხმორთხმული ჯდომა უცხო, მოყაყანე და მთვრალ ადამიანებს შორის და ქვეყანა თვალდათვალ პატარავდება... მიყვარს ღამეები "უცხო" ქალაქებში.
Sunday, February 19, 2006
Queridos amigo
ვერ მოვისვენე. ბავშვობის მითებს ასე ადვილად ვერ ვეშვები ხოლმე. ფილმის მერე, ტელევიზორთან ორიოდე წუთით ჩაძინებულს ჩე დამესიზმრა. ვწვალობდი. გაცოცხლება–დამარხვას ვუპირებდი ერთდროულად და ვერ ვახერხებდი... კიდევ ერთი მიცვალებული, რომელიც უნდა მოვკლა, რომ ბოლოს და ბოლოს დავასაფლავო:( მენანება კია ჩესთან გამოთხოვება...
ეს მგონი ერთ–ერთი ბოლო წერილია
“Дорогие старики!
Я вновь чувствую своими пятками ребра Росинанта, снова, облачившись в доспехи, я пускаюсь в путь.
Около десяти лет тому назад я написал Вам другое прощальное письмо...
...Многие назовут меня искателем приключений, и это так. Но только я искатель приключений особого рода, из той породы, что рискуют своей шкурой, дабы доказать свою правоту.
Может быть, я попытаюсь сделать это в последний раз. Я не ищу такого конца, но он возможен, если логически исходить из расчета возможностей. И если так случится, примите мое последнее объятие.
Я любил Вас крепко, только не умел выразить свою любовь. Я слишком прямолинеен в своих действиях и думаю, что иногда меня не понимали. К тому же было нелегко меня понять, но на этот раз – верьте мне. Итак, решимость, которую я совершенствовал с увлечением артиста, заставит действовать хилые ноги и уставшие легкие. Я добьюсь своего.
Вспоминайте иногда этого скромного кондотьера XX века.
Поцелуйте Селию, Роберто, Хуана-Мартина и Пототина, Беатрис, всех.
Крепко обнимает Вас Ваш блудный и неисправимый сын Эрнесто”.
Che lives?
სულელური ფილმი იყო. სხვაზე და სხვისი გადაღებული. ერთი კია, ჩეზე დავფიქრდი. გული მწყდება, რომ ბავშვობის ჩე–დან აღარაფერი შემრჩა. მითიური კომანდანტე წითლად შეფერადებული პლაკატად იქცა – ცარცის ქაღალდად , რომელიც ცუდად აირეკლავს სინათლეს და სხვა არაფერი. ვინ მიყვებოდა? ჰო, ილია. ჩეს ძმა ჩემი სტუდენტიაო. ალბათ...
Monday, February 13, 2006
boudoir
ბავშვობაში ამ სიტყვაზე რატომღაც საქათმესთან მიჩნდებოდა ასოციაცია. საბუდარი – ბუდუარი... რა შუაშია? ასე მეგონა წიგნში აღწერილი ბუდუარებიც ყარდა ხოლმე სკლინტის სუნით... დიდად ალბათ არც ვცდებოდი. მაშინდელ დროში კი იდგებოდა სუნამოს, პუდრასა და ოფლის მწკლარტე, ერთმანეთში გადაზელილი სუნები...
ჩემი, სამაგიეროდ, სიგარეტის სუნითაა აქოთებული და სარკეში თუ შეათვალიერებ, ორადაა გახლეჩილი. ბუნებრივია, რადგან ოთახი კაბინეტის მაგივრობასაც მიწევს.
მონარჩენი დრო
ავტოსადგურში, (რკინიგზისა იყოს), აეროპორტის მოსაცდელში... სადმე, საიდანაც გზას ვაგრძელებ (ან ვიწყებ). ბილეთი უკვე მაქვს. დრო და გასვლის ადგილიც ვიცი და ის დროც ნაანგარიშევი მაქვს, გასვლამდე რომ რჩება. ეს მონარჩენი დრო მიყვარს. ზიხარ, ყავას წრუპავ და ათვალიერებ ადამიანებს, სიახლის ნეტარი მოლოდინით გამოვსებული.
Friday, February 03, 2006
გამოგონილი ნევროზი
წეღან საზარელმა აზრმა გამკრა თავში – აქაურობა ხომ არ მიმელაგებინა–მეთქი. პროფილში რაღაცეები შემეცვალა, ლინკები დამეყარა... ნამდვილად ნევროზი მაქვს. ცოტა ხანში, ალბათ, კარადის დალაგებასა და ფანჯრების წმენდასაც დავიწყებ სახლში...
გუშინ ვამბობდი, კატა მინდა–მეთქი ნერვების დასაწყნარებლად. ინომ, მე ვიქნები შენი კატაო – სავარძელთან მომიცუცქდა და კალთაში ჩამიდო თავი. მიყვარს ინოს თმები. არ მბეზრდება ხოლმე იმის სასაცილო კულულების წეწვა. მართლა კატასავით კრუტუნებს ხოლმე.
სადღაც ამოკითხული მახსოვს, კაცს იმდენი ქონება უნდა ჰქონდეს, რომ ზურგზე მოკიდება და თან წაღება შეეძლოსო. ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი ამაზე – რა ნივთს ან რომელ წიგნს წავიღებდი–მეთქი თან. რაც უფრო ვიზრდები, ნივთები მით უფრო ცოტავდება. ცოტავდება კი არადა, გაქრა საერთოდ. შეუცვლელი ნივთები არ მაქვს. არაფერზე ვარ მიბმული. ინოს ვეფერებოდი და ვფიქრობდი, კატას, კატას თუ წავიყვანდი–მეთქი თან. არა. არაფერს. არც კატას. გამოგონილი ყოფილა ეს ნევროზიც... წასასვლელად ჯერ ისევ მზად ვარ. უნივთებოდ. უყველაფროდ. მხოლოდ იმასთან ერთად, რისი წაშლაც არ შემიძლია.
წითელი ბავშვობა
იატაკზე მიმოფანტული წიგნების ნაჩქარევად ალაგებისა და კარადებში უაზრო შეტენვის შედეგად ხშირად ვპოულობ ხოლმე საინტერესო რაღაცეებს.მაგ.ეს გაუგებარი ფურცელი გაუგებარი წიგნიდან (თავს დავდებ ეს წიგნი ნამდვილად არა მაქვს სახლში. ერთ მხარეს უნგრეთის პიონერთა კავშირის ისტორიის დასასრულია, მეორეზე ჩეხოსლოვაკი პიონერების შესახებ შეთხზული ისტორიის დასაწყისი.
ჩეხოსლოვაკიის პიონერები
პიონერთა ორგანიზაციის ისტორია 1949 წლის აპრილიდან იწყება. სახელმძღვანელოებში ასეა ჩაწერილი, მაგრამ სინამდვილეში პიონერთა ორგანიზაცია ჩეხოსლოვაკიაში ბურჟუაზიული ხელისუფლების დროსაც არსებობდა: თითქმის ხუთი ათეული წლის წინათ მუშათა შვილები წითელი პიონერების ორგანიზაციაში გაერთიანდნენ. დღესაც სიამაყით იგონებენ წითელ პიონერებს, მთავრობისაგან მალულად რომ იკრიბებოდნენ და კომუნისტებთან ერთად მამაცურად იბრძოდნენ ფაბრიკანტებისა და მემამულეების წინააღმდეგ.
პოლიცია შეკრებას უკრძალავდა მათ, ჯაშუშები ყველგან უთვალთვალებდნენ: სკოლაში და ეზოში თამაშის დროსაც კი. სკოლაში თუ გაიგებდნენ, რომელიმე მოსწავლე პიონერთა რიგებში შევიდაო, მასწავლებლები მათ ცუდ ნიშანს უწერდნენ ყოფაქცევაში, ზოგჯერ სკოლიდანაც რიცხავდნენ, მათ მშობლებს კი სამუშაოდან ითხოვდნენ. ფაშისტური ოკუპაციის დროს ბევრი მათგანი საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაამწყვდიეს, მაგრამ წითელი პიონერების ნებისყოფა მაინც ვერ გატეხეს. ჩეხოსლოვაკიის პიონერთა ორგანიზაციის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი 70 ნორჩი პატრიოტის სახელი. ისინი ფაშისტებმა დახვრიტეს იმისათვის, რომ უარი თქვეს პიონერული ყელსახვევის მოხსნაზე.
დღეს ჩეხოსლოვაკიის პიონერთა ორგანიზაციაში ორ მილიონზე მეტი პიონერია. მათი დევიზია:
ამ საინტერესო ადგილზე თხრობა წყდება. უფრო სწორედ, გვერდი მთავრდება და სამწუხაროდ, არ ვიცი ბოლობოლო ამხელა ტანჯვისა და ასეთი ისტორიის მერე, რა აირჩიეს ჩეხო–სლოვაკიელმა პიონერებმა დევიზად.
Thursday, February 02, 2006
შავი წიგნაკი
გამიხარდა ი–ს საჩუქარი. მექანიკურად, ინერციით, თორემ ისე დიდი ხანია არსად არაფერს ვწერ – ვბეჭდავ მხოლოდ. ისიც, წერილებს. აქ... იმის გაფიქრებაზე, რომ ფურცლის ნაცვლად არსად არავისთვის შემეძლო წერა, რაღაც უსიამოვნო გრძნობა გამიჩინა. ქაღალდზე წერისას თეორიული შანსი მაინცაა, რომ წლების მერე მაინც ჩავყოფ ცხვირს იმ ფურცლებში. თუმცა, ესეც საეჭვოა. საკუთარი ჩანაწერები ისევე აღარ მიზიდავს და მაინტერესებს, როგორც სხვისი წერილები. მაშ, რატომღა მაშინებს ამ ბერწ, მექანიკურ სიცარიელეში რაიმეს ბეჭდვა? სიცარიელე, რომელიც მხოლოდ შთანთქავს და არაფერს ჰბადებს.
ისიც კი მახსოვს, მსგავსი შიში როდის ვიგრძენი პირველად. პ–სთან ვიყავი. ორივეს გვეღვიძა. ცხელოდა და ფანჯრები ღია გვქონდა. ლამაზი, მსუყედ ყვითელი მთვარე იყო და იმას ვუყურებდი. მუცელზე გადაშლილი წიგნი მედო. როგორც ყოველთვის, პ. რაღაც სირულ ფანტასტიკის კითხვით იყო გართული. რაკი შუქი არ ავანთებინე, ფანჯრიდან შემოსულ შუქზე ითხრიდა თვალებს. შიგადაშიგ რაღაც კომენტარებსაც აკეთებდა.
მერე ისე გაიტაცა მსჯელობამ, წიგნიც კი გადადო. ახლა უკვე იმის კეფა მედო მუცელზე. ლაპარაკისას თავს აქიცინებდა და მთვარის შუქი უცნაურად უბრჭყვიალებდა სათვალის მინებზე. უსასრულობასა და კოსმოსში დაკარგულ კოსმონავტებზე საუბრობდა. ცდილობდა წარმოედგინა, როგორი იქნებოდა ნელი სიკვდილი სკაფანდრში გამომწყვდეული ადამიანისათვის, რომელიც ხომალდს მოწყდა და ახლა რაღაც გაუგებარი ტრაექტორიით უნდა ემოძრავა უსასრულობაში.
იმ წუთას ისეთი ცხადი განცდა მქონდა სიცარიელეში ვარდნისა, რომ მთელი სხეული დამიჭიმა შიშმა. იმანაც კი იგრძნო და შუაგზაზე გაწყვიტა სიტყვა.
პ–სავით ვზივარ და ვმსჯელობ იმაზე, თუ რამდენხანს იცოცხლებს ეს ტექსტი მას შემდეგ, რაც ამ ნარინჯისფერ ღილაკს დავაჭერ მაუსს.
რა ფეხად მინდა...
რა ფეხად მინდა ამას რომ ვაკეთებ? naming და acting... ოღონდ მაშინვე... დრო არ უნდა დაკარგო... აი, ეხლა გასაგებია, რა ფეხადაც მოვინდომე "ამის" კეთება – დაავადებისათვის სახელი უნდა დამერქმია – waste of time.
Subscribe to:
Posts (Atom)