Thursday, February 02, 2006

შავი წიგნაკი


გამიხარდა ი–ს საჩუქარი. მექანიკურად, ინერციით, თორემ ისე დიდი ხანია არსად არაფერს ვწერ – ვბეჭდავ მხოლოდ. ისიც, წერილებს. აქ... იმის გაფიქრებაზე, რომ ფურცლის ნაცვლად არსად არავისთვის შემეძლო წერა, რაღაც უსიამოვნო გრძნობა გამიჩინა. ქაღალდზე წერისას თეორიული შანსი მაინცაა, რომ წლების მერე მაინც ჩავყოფ ცხვირს იმ ფურცლებში. თუმცა, ესეც საეჭვოა. საკუთარი ჩანაწერები ისევე აღარ მიზიდავს და მაინტერესებს, როგორც სხვისი წერილები. მაშ, რატომღა მაშინებს ამ ბერწ, მექანიკურ სიცარიელეში რაიმეს ბეჭდვა? სიცარიელე, რომელიც მხოლოდ შთანთქავს და არაფერს ჰბადებს.

ისიც კი მახსოვს, მსგავსი შიში როდის ვიგრძენი პირველად. პ–სთან ვიყავი. ორივეს გვეღვიძა. ცხელოდა და ფანჯრები ღია გვქონდა. ლამაზი, მსუყედ ყვითელი მთვარე იყო და იმას ვუყურებდი. მუცელზე გადაშლილი წიგნი მედო. როგორც ყოველთვის, პ. რაღაც სირულ ფანტასტიკის კითხვით იყო გართული. რაკი შუქი არ ავანთებინე, ფანჯრიდან შემოსულ შუქზე ითხრიდა თვალებს. შიგადაშიგ რაღაც კომენტარებსაც აკეთებდა.

მერე ისე გაიტაცა მსჯელობამ, წიგნიც კი გადადო. ახლა უკვე იმის კეფა მედო მუცელზე. ლაპარაკისას თავს აქიცინებდა და მთვარის შუქი უცნაურად უბრჭყვიალებდა სათვალის მინებზე. უსასრულობასა და კოსმოსში დაკარგულ კოსმონავტებზე საუბრობდა. ცდილობდა წარმოედგინა, როგორი იქნებოდა ნელი სიკვდილი სკაფანდრში გამომწყვდეული ადამიანისათვის, რომელიც ხომალდს მოწყდა და ახლა რაღაც გაუგებარი ტრაექტორიით უნდა ემოძრავა უსასრულობაში.

იმ წუთას ისეთი ცხადი განცდა მქონდა სიცარიელეში ვარდნისა, რომ მთელი სხეული დამიჭიმა შიშმა. იმანაც კი იგრძნო და შუაგზაზე გაწყვიტა სიტყვა.

პ–სავით ვზივარ და ვმსჯელობ იმაზე, თუ რამდენხანს იცოცხლებს ეს ტექსტი მას შემდეგ, რაც ამ ნარინჯისფერ ღილაკს დავაჭერ მაუსს.

No comments: