Friday, February 03, 2006
გამოგონილი ნევროზი
წეღან საზარელმა აზრმა გამკრა თავში – აქაურობა ხომ არ მიმელაგებინა–მეთქი. პროფილში რაღაცეები შემეცვალა, ლინკები დამეყარა... ნამდვილად ნევროზი მაქვს. ცოტა ხანში, ალბათ, კარადის დალაგებასა და ფანჯრების წმენდასაც დავიწყებ სახლში...
გუშინ ვამბობდი, კატა მინდა–მეთქი ნერვების დასაწყნარებლად. ინომ, მე ვიქნები შენი კატაო – სავარძელთან მომიცუცქდა და კალთაში ჩამიდო თავი. მიყვარს ინოს თმები. არ მბეზრდება ხოლმე იმის სასაცილო კულულების წეწვა. მართლა კატასავით კრუტუნებს ხოლმე.
სადღაც ამოკითხული მახსოვს, კაცს იმდენი ქონება უნდა ჰქონდეს, რომ ზურგზე მოკიდება და თან წაღება შეეძლოსო. ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი ამაზე – რა ნივთს ან რომელ წიგნს წავიღებდი–მეთქი თან. რაც უფრო ვიზრდები, ნივთები მით უფრო ცოტავდება. ცოტავდება კი არადა, გაქრა საერთოდ. შეუცვლელი ნივთები არ მაქვს. არაფერზე ვარ მიბმული. ინოს ვეფერებოდი და ვფიქრობდი, კატას, კატას თუ წავიყვანდი–მეთქი თან. არა. არაფერს. არც კატას. გამოგონილი ყოფილა ეს ნევროზიც... წასასვლელად ჯერ ისევ მზად ვარ. უნივთებოდ. უყველაფროდ. მხოლოდ იმასთან ერთად, რისი წაშლაც არ შემიძლია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment