Thursday, May 03, 2007
სიზმარი #
გუშინ დაურეკავს. მოვიწყინეო. გარშემო უდაბნოა და ყვინთვის გარდა ყველაფრის კეთება შეუძლებელიაო. დილას ვხედავდი სიზმარში – რაღაც უცნაური კანაპეები იყო, თევზით. ერთი გავსინჯე და დიდხანს ვიფურთხებოდი სიზმარშივე.
სიზმარი კი ფრიად უცნაური გახლდათ. ორეულსაც აღარ ვჯერდები უკვე. წუხელ ოთხი ვიყავი – მე, მე–მე, მე–დედა და დედა – და ეს ყველა მე ვიყავი ერთდროულად. ცალ–ცალკე ვირჯებოდით, ვსაუბრობდით, მერე გამჭვირვალედ ვერწყმოდით ერთმანეთს სხვადასხვა კომბინაციით და ისევ ვიშლებოდით. რაღაცნაირი გრადაცია იყო ჩემსა და დედას შორის . ოღონდაც ყველა მე ვიყავი–მეთქი, დედას ჩათვლით, რომელიც მქრქალი კი არა... აი, ძველ, წიგნის გაყვითლებულ ფურცელზე სველი ყავის ჭიქით დატოვებული წრესავით იყო– არაფერ შუაში რომ არაა ტექსტთან, საკუთარ უდიერებაზე რომ მიგანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერზე... ყველას ერთნაირი, მაგრამ განსხვავებული ფერის კაბები გვეცვა. ამ საუბრებში იყო თევზიც რომ გავსინჯე – პურის ნატეხებს შორის ჩამალული თევზის მონარინჯისფერო, უმი ნაჭერი. ტფუ... ახლაც ვგრძნობ თითქოს პირში სისხლისა და ლითონის შერეულ გემოს.
დიდი ხანია აღარ დამსიზმრებია. თუმცა, ვეჭვობ, ძველებურად "გაფრთხილების" გამო დამესიზმრა. უფრო რომ გუშინდელი საუბრები ჩამყვა ძილში ბავშვის თაობაზე. და თევზსაც არაფერი კავშირი არ ექნება დევისთან. იმედია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment