Thursday, May 11, 2006

როზა, კაროლინა, პიერი



როზა და კაროლინა

რაღა თქმა უნდა ყველაფერი პატარა როზას ვარდისფერი ღიმილით დაიწყო. დავალებებს გვიჩვენებდა. კაროლინა მოპირდაპირე მხარეს იჯდა საიდანღაც ჩამოტანილ მოხატულ სკამზე (სახლში რომ შეხვალ, მაშინვე მიხვდები, რომ სახლის პატრონები ბევრს მოგზაურობენ). იმ საღამოს კლერთან ვიყავით დაპატიჟებულები და კაროლინა გამოწყობილი დაგვხვდა. მოჯადოებული ვუყურებდი როგორ იჯდა ფეხი ფეხზეგადადებული და ეწეოდა. ოდნავ, სულ ოდნავ აქანავებდა ფეხს. ფეხზე კი, ფეხზე (იმან მომხიბლა. სულ პირველად "იმას" შევხედე) ოქროსფერი პუანტიები ეცვა. პიერის მოლოდინში მეოთხე ჭიქა ჩაის, უფრო სწორად, ფიალას გეახლებოდით. აპარატი ხელში მეჭირა და ვერ გადავუღე. ვერ გავბედე ობიექტივის მისთვის მიშვერა. გასაგნება.


"პარიზული განათება"
არაბულ ინსტიტუტში ვაპირებდით წასვლას და პიერს იმადაც ველოდებოდით, იმ საღამოს პიერი უნდა ყოფილიყო ჩვენი მეგზური. მალევე მოვიდა. გრძელი, გაწელილი, გარეგნობისათვის შეუფერებელი ხმით (კი არ ლაპარაკობს, კრუტუნებს თითქოს, დიდი, ღუნღულა კატასავით).

პიერის პარიზი რომ სხვა იქნებოდა, ამას რა ცოდნა უნდოდა. ერთგან, დემონსტრატებზე საუბრისას, უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და თავზე წაივლო ორივე ხელი. იცანითო, გვკითხა. ვინ უნდა მეცნო? მივტრიალდი. ჩია მოხუცი მიდიოდა. შავი ბერეტი ეხურა და კრემისფერი, დაჭმუჭნული ლაბადა ეცვა. ეგ კაცი ერიკ რომერი იყოო, გვითხრა. კარგა ხანს იდგა თავზე ხელებწავლებული და უყურებდა ბებერ მაესტროს, როგორ მიფლატუნობდა ქუჩაში. რომერიდან კინოზე გადავხტით, სამოციანელებზე ვლაპარაკობდით. ჩვენ რა, პიერი ლაპარაკობდა.

არაბული ინსტიტუტი დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა, პიერის ყურში ჩაჩურჩულებამ გაჭრა და დაცვამ (რატომღაც ყურებამდე გაეხათ პირები პიერის ჩაჩურჩულების მერე) მაინც შეგვიშვა შიგნით. ქართველივით იქცეოდა – ყველა დაკეტილ კარში შევყავდით. ჩვენ რომ ვიცით ხოლმე ღიჯინი – უცხოელი სტუმრები მყავს, იქნებ შემიშვა... არა მგონია, პარიზში სიტყვა "უცხოელი" "სიმ–სიმ გაიღესავით" მოქმედებდეს. ასეა თუ ისე, ყველგან მოვახერხეთ შესვლა–შეძვრომა, სადაც გვინდოდა. ერთია მხოლოდ, ცნობილი ვერანდის ნახვა მხოლოდ გამჭვირვალე შუშის ლიფტიდან შევძელით – რესტორანი დაკეტილი იყო. პიერი გვიხსნიდა, რომ აქ ქალის დაპატიჟება, თითქმის ასპროცენტიან შემდგარ პაემანს ნიშნავს. თუმცა, მიზეზი არ აუხსნია. რაღაცას ფრუტუნებდა "ნამდვილ პარიზულ განათებაზე, რომელიც ამ ვერანდიდან ჩანს ყველაზე კარგად".

მკვდარი არტისტები


უკან დაბრუნებისას, რუმინულ ეკლესიასთან, ერთ უცნაურ ფანჯარაში შემაჭყიტა – მკვდარი პოეტების ხილვა თუ გინდა, რომლებიც ცოცხალ ხელოვნებას ქმნიან, ამათ უნდა მიაკითხოო. ცხვირით ავეკარი ფანჯარას. რაღაცნაირი დატალღული მინები იყო და ცუდად ჩანდა შიგნით რა ხდებოდა. მაგიდის გარშემო ათამდე ადამიანი იჯდა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა. გარშემო უცნაური ნივთები ეწყოთ – ვეება ყურის ნიჟარების მსგავსი. ვცდილობდი რამე გამერჩია ოთახში და პიერის დუდღუნს ვუსმენდი, რომელიც მიხსნიდა, რომ ეს ვეება "ყურის ნიჟარები" სხვადასხვა მინერალებისაგან იყო დამზადებული და განსაკუთრებულ ჟღერადობას ანიჭებდა თურმე ინსტრუმენტების ხმას.

ხუმრობდასავით. ნამდვილი არტისტები, ვინც ნამდვილ, ცოცხალ ხელოვნებას ქმნიან, აღარ არსებობენ, ასე რომ ეხლა მკვდარ ხელოვანებს უყურებ ფანჯრიდანო.წითელშპალერიან ოთახში გამოკეტილ "მკვდრებს" კი ინსტრუმენტები ჰქონდათ მომარჯვებული და ახალ, ყველასთვის უცხო ბგერებით მუსიკას ქმნიდნენ, რომელიც არავის ესმოდა ოთახის მიღმა.

No comments: